მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
  აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
მუნიციპალიტეტის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები 
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

 

 

ქალაქი ვალე......

ქალაქი ვალე  ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფოცხოვისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ერუშეთის ქედის სუსტად დახრილ  ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1000-1200 მ. ქალაქ ახალციხიდან 12 კმ. მდებარეობს.  იგი  როგორც ქალაქი 1962 წლიდან მოიხსენიება.

არსებობს გადმოცემა ვალეს და ვალეს ეკლესიის  შესახებ: თურმე ძველად აქ გაუვალი ტყე ყოფილა. შემთხვევით გამოუვლია სოფელ ირქადან ერთ მონადირეს. ეკლესიის  სიახლოვეს დაუთესია ფეტვი და უთქვამს ეს ფეტვი შენთვის მომი - ვალე -ბიაო. შემოდგომით მობრუნებულ კარგი მოსავალი დახვედრია, მიმხვდარა, რომ ნაყოფიერი მიწა ყოფილა.  თავისი სოფლიდან რამდენიმე კომლი წამოუყვანია და სოფელი გაუშენებია.

ვალე, როგორც ქალაქი, წარმოიქმნა მურა ნახშირის მოპოვებასთან დაკავშირებით, მაგრამ დაბალი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გამო ნახშირის მოპოვება 1974 წლიდან შემცირდა. ვალეში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები,რკინიგზის სადგური.

 

 


ეს ჩვენი ისტორიაა......


საყუნეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია......

სოფელი საყუნეთი მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, ახალციხიდან საყუნეთამდე 22 კილომეტრია. საყუნეთში წმ. გიორგის სახელობის პატარა უგუმბათო ეკლესიაა. იგი თარიღდება XII-XIII საუკუნით. თლილი ქვითაა ნაშენი. შესასვლელი და სარკმლები ჩუქურთმიანი არშიებითაა მორთული. ასე კარგად დაცული ძეგლი მესხეთში ცოტაა. შენახულია არა მარტო კედლები და კამარა, არამედ ქვის ძველი სახურავიც. ასეთი ფილებით იხურებოდა წინათ ქართული ტაძრები.


ეს     ჩვენი   ისტორიაა..

ბიეთის  ტაძარი...

ტაძარი ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფლების წინუბანისა და გურკელის მახლობლად მდებარეობს. იგი გორაკებით გარშემორტყმულ, მაგრამ საკმაოდ გაშლილ, ადგილას დგას.

ბიეთის ტაძარი — XIV საუკუნის II ნახევრის ცენტრალურ-გუმბათოვანი ეკლესიაა. ამჟამად, ტაძრის გუმბათი, კამარები და კედლების დიდი ნაწილი ჩამონგრეულია. გადარჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთი ფასადი, სადაც შუა სარკმლის ზემოთ გამოსახულია მაღალი მოჩუქურთმებული ჯვარი. გუმბათი დასავლეთის ორ ბურჯსა და აფსიდის კედლებს ეყრდნობოდა. თლილი ქვით მოპირკეთებული ფასადების სარკმლები და შესასვლელი მოჩუქურთმებული ყოფილა, ხოლო ინტერიერი - მოხატული. ეკლესიას ჩრდილოეთიდან მიშენებული აქვს სამლოცველო, რომელიც წარწერის თანახმად, 1493 წელს აუგია ზაალ თოხასძეს.


ეს    ჩვენი   ისტორიაა..

ოხერა...

 

ოხერა_ ოხერის წმინდა გიორგის ეკლესია აგებულია  VII საუკუნეში. ისტორიულ წყაროებში მოხსენებულია, როგორც ოხერთთავი. ეკლესია მდინარე ურავლის წყლის მარცხენა მხარეს კლდის ქარაფზე მდებარეობს. იგი ნაგებია წითელი ქვით. გალავანთან ერთად აღდგენილია პირვენდელი სახით  1990_იანი წლების ბოლოს.

 


ეს    ჩვენი   ისტორიაა..

ბაიები...

 

                         ბაიები – კლდეში გამოკვეთილი XII-XIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ წყორძის (ნასოფლარ ბერდიკათუბანი) დასავლეთით მდებარეობს. კლდის შუა ადგილას, ვიწრო ტერასაზე 3-4 სართულად განლაგებულ შენობათა მთელი ჯგუფია, აქვეა გალავნის ნანგრევები. გალავნის შიგნით, თითქოს კლდეში შედგმული ორი ერთნავიანი ეკლესიაა ერთიმეორის გვერდით.შესასვლელიდან  პირველი -ბაიების (ბზობის)სახელობისაა, მეორე-წმ. გიორგის. გარედან ჩანს ეკლესიათა მხოლოდ სამხრეთი კედლები.      

 


ეს       ჩვენი     ისტორიაა..

აგარის   მონასტერი...

 

მონასტერი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველის მახლობლად, მთის თხემზე, მდინარე ურაველის მარჯვენა ნაპირას მდებარეობს.
აგარის კომპლექსი მრავალმხრივ საყურადღებოა. შენობათა სიმრავლე და ნაირგვარობა მოწმობს, რომ აქ დიდი მონასტერი უნდა ყოფილიყო. მთავარი ეკლესია (X-XI სს.) ერთ-ერთი უდიდესი და საუკეთესო ერთნავიანი ტაძარია საქართველოში. შემორჩენილია აგრეთვე სატრაპეზოს (XI-XII სს.), სამრეკლოსა (XIII-XIV სს.) და სხვა სამონასტრო ნაგებობათა ნანგრევები (სამეურნეო დანიშნულებისა და საცხოვრებელი სადგომების ნანგრევები). ზოგიერთ მათგანს ისტორიული ცნობების შემცველი წარწერები აქვს.
ყველაზე დიდი ნაგებობა აგარაში მთავარი ეკლესიაა - თლილი ქვით ნაშენი ერთნავიანი შენობა, ერთ-ერთი უდიდესი ერთნავიანი ეკლესიათაგანი საქართველოში. იგი კედელ-კამარიანად დგას. შიგნით მისი კედლები და გადახურვა თავდაპირველი სახითაა მოღწეული, ყოველგვარი გადაკეთების გარეშე.
სამრეკლოს ქვემოთ კი, მცირე მანძილზე, დგას დიდი შენობა, რომელიც მთავარ ეკლესიასთან ერთად, ყველაზე საინტერესო ძეგლს წარმოადგენს აგარის მონასტერში. ეს შენობა, რომელიც ერთი დიდი დარბაზისა და მასზე მიშენებული გრძელი სადგომისგან შედგება, წარწერის თანახმად, ბერების სასადილო, ანუ ტრაპეზი ყოფილა. წარწერაში ნათქვამია:

„,,სახელითა ღმრთისაითა და მეოხებით წმიდისა იოანე ნათლისმცემლისაითა, ერისთავთა ბეშქენ და მურვანის მლოცველმან, მე ეფრემ ხელვყავ შენებად ტრაპეზსა ამას.“

უცნობია ეფრემის ვინაობა, მაგრამ მისი პატრონები მურვანი და ბეშქენი, ვისთვისაც იგი ღმერთს ევედრებოდა, ჯაყელთა გვარს ეკუთვნოდნენ. მატიანეებში მოხსენებული არიან ბეშქენ ჯაყელი, თუხარისის ერისთავი, რომელიც ბაგრატ IV-ს განდგომია დამურვან ჯაყელი, ერისთავი ყველისა ერთი ბეშქენი დავით აღმაშენებლის დროსაც იხსენიება, XII საუკუნის პირველ მეოთხედში. აღსანიშნავია, რომ წარწერა ერთ-ერთ მათგანს გულისხმობს და ტრაპეზიც იმ დროს, ე. ი. XI-XII საუკუნეთა მიჯნაზე უნდა იყოს აშენებულ

 


ეს     ჩვენი   ისტორიაა..

წრიოხის    ციხე...

 

           

                  ციხე, ახალციხის მუნიციპალიტეტის XII-საუკუნის ძეგლია , იგი მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში, როგორც ბესელთავის ციხე, რომელიც დგას წრიოხის ხევის მარცხენა მხარეს, მთის აწვდილ კლდის წვერზე. მისი ფუნქცია იყო იმერეთიდან მესხეთისაკენ ხევის ჩაკეტვა მტრისთვის . ასევე, ციხე აკონტროლებდა მის გარშემო მიმდინარე ტერიტორიებს და ნიშანს აძლევდა აწყურის ციხეს მტრის შემოსევისას.


 

 ეს ჩვენი  ისტორიაა....

აწყურის  ღვთისმშობლის  ხატი...............

      

ყოვლადწმინდა ქალწულის პირველი გამოსახულებაა, რომელიც შემობრძანდა და დაემკვიდრა საქართველოში. ისტორია კი, ასეთია: მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ქრისტეს მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვინ სად წასულიყო ქრისტეს საქადაგებლად. მარიამს წილად ივერია ხვდა, მაგრამ ახლოვდებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ჟამი და მას უფალი იესო ქრისტე გამოეხცადა:   „დედაო ჩემო, არა უგულებელსვყო ერი იგი საზეპურო უფროის ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის... წარავლინე პირველწოდებული ანდრია შენს წილხვედრ ქვეყანაში და თან გაატანე შენი ხატი... შენ წილ ის ხატი მკვიდრობდეს მცველად მათდა უკანასკნელ ჟამამდე.“

ამ გამოცხადების შემდეგ, მარიამ ღვთისმშობლმა, ანდრია პირველწოდებულს დაავალა ივერიაში ქრისტეს ქადაგება. ღვთისმშობელმა მოითხოვა ფიცარი, მიიდო სახეზე და სასწაულებრივად, ფიცარზე მისი ხელთუქმნელი ხატი გამოისახა. „შვილო ანდრია, ...წაასვენე სახე ჩემი და სახე ძისა ჩემისა, რათა ვიყო გამგებელი მათი ცხოვრებისა, ხელი აღვუპყრა და შევეწიო და არავინ მტერთაგანმა სძლიოს მათ.“

ანდრია მოციქული ღვთისმშობლისგან კურთხევის აღების შემდეგ, ხელთუქმნელი ხატით საქართველოში ჩამობრძანდა.  მოციქული, როდესაც დაბა სოსანგეთში (ახლანდელ აწყურში) გადავიდა, წმინდანმა  მხარის გამგებლის - ქვრივი ქალის  შვილი მკვდრეთით აღადგინა. გახარებულმა დედამ იწამა ქრისტესი და მოინათლა, შემდეგ კი წერილი მიწერა სამცხის მთავრებს, ყოველივე აუწყა და თავისთან მიიწვია. სოსანგეთი ხალხით გაივსო. ეკლესიის გადმოცემით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი საკერპოში შეასვენეს და ჩაკეტეს, დილით კი, როდესაც საკერპო გააღეს, კერპები დამსხვრეულნი დახვდათ, ხოლო ღვთისმშობლის ხატი მზესავით გაბრწყინებული. მაშინ  ყველა დამსწრემ ერთხმად აღიარა ქრისტე. მოსახლეობის თხოვნით, წმინდა ანდრიამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი სოსანგეთში დატოვა. მესხებმა ხატს ეკვდერი აუშენეს და დიდი პატივით დააბრძანეს.


ახალციხის ისტორია

align=leftძველი სამცხის მთავარი ქალაქი და სამცხის ათაბაგთა რეზიდენცია, დღეს კი რაიონის ცენტრი ახალციხე - მდინარე ფოცხოვის ნაპირზე მდებარეობს, ბორჯომის სამხრეთ-დასავლეთით.

IX საუკუნეში იწყება ქალაქ ახალციხის ისტორია. თუმცა ეს ქალაქი იმდროინდელ ქართულ წყაროებში ამ სახელით არ მოიხსენიება, ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით - მას სავარაუდოდ სხვა სახელი - ლომისა ერქვა. „მატიანე ქართლისაის“ ცნობით კი, ქალაქი IX საუკუნეში გვარამ მამფალს აუშენებია.

ქალაქს მდინარის ორივე ნაპირი უჭირავს. მარცხენა ნაპირი მთაგორიანია, აქ მდებარეობს ქალაქის ძველი ნაწილი, ე. წ. რაბათი და დიდი ციხე-სიმაგრე, რომელშიაც წინათ ახალციხის მფლობელთა სასახლე იყო. მარჯვენა ნაპირი ვაკეა. აქ  ქალაქის უბნები მხოლოდ XIX საუკუნეში გაშენდა, ამ ნაწილსაც ბორცვები აკრავს. ქალაქის ზოგი უბანი ამ ბორცვთა ფერდებზეა შეფენილი.
ახალციხე XIII – XIV საუკუნეთა მიჯნიდან მოყოლებული, სამცხის მთავართა (ჯაყელთა) რეზიდენცია და მთელი სამცხე-საათაბაგოს დედაქალაქი იყო. ახალციხის დაწინაურება იმ ხანებში დაიწყო, როცა საქართველოს მთლიანი სახელმწიფო უკვე რღვევას იწყებდა, მისი მეზობელი სახელმწიფოები კი ძლიერდებოდნენ. სამცხე-საათაბაგოს და კერძოდ, ახალციხის ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენდა მომძლავრებულ თურქეთთან მეზობლობა. თავისი არსებობის მანძილზე ახალციხეს ბევრი ჭირ-ვარამი გამოუვლია, მას არა ერთხელ გაუძლია დამპყრობთა შემოსევისათვის, ბევრჯერ აოხრებულა კიდეც მათგან.
პირველად თემურ-ლენგი უტევს ახალციხეს (1393 წელს). 1486 წელს იაყუბ ყაენმა „...უბრძანა ლაშქარსა... რათა ჩაუდგეს სამცხეს... მათ იავარჰყვეს ქვეყანა სამცხისა და... მერმე მოადგეს ციხესა და ქალაქს ახალციხისა... გატეხეს ციხე და დაწვეს ქალაქი...“.
         მიუხედავად თავდასხმისა და დარბევისა, ახალციხეში  მშენებლობა მაინც არ ჩამკვდარა. მშვიდობიანი პერიოდები მაინც საკმაოდ ხანგრძლივი იყო ხოლმე. ციხე-სიმაგრისა და ათაბაგთა სასახლის გარდა, აქ ეკლესიები და სავაჭრო დაწესებულებათა მოზრდილი შენობებიც  იქნებოდა.  სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ეს ძველი შენობები ერთიანად განადგურდა, ან ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის. არ გადარჩენილა ადრინდელი საცხოვრებელი სახლებიც, გადარჩა მხოლოდ შედარებით გვიან აგებული, მაგრამ ძალიან ძველი ტიპის, საცხოვრებლები, ე. წ. დარბაზები.
1590 წელს ირან-ოსმალეთს შორის ზავი გაფორმდა. მთელი სამცხე-საათაბაგო ოსმალეთს ერგო. სამხრეთ საქართველო დიდი ხნით მოექცა ოსმალთა იმპერიის შემადგენლობაში, 1628 წლიდან კი ახალციხის ფაშად გამაჰმადიანებული ათაბეგები ინიშნებიან.

თურქები ახალციხეში უმთავრესად სათავდაცვო მშენებლობას აწარმოებდნენ. მათ უკვე 1586 თუ 1587 წელს შეაკეთეს ქალაქის სიმაგრე.  საფიქრებელია, რომ შეშდეგშიაც ააშენებდნენ ციხის ცალკეულ ნაწილებს. 1752 წელს ახალციხის ფაშამ, ჰაჯი ახმედმა, ციხეში ააგო მეჩეთი.

XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ბატონიშვილი ვახუშტი ახალციხის შესახებ ასეთ ცნობას გვაწვდის: „...არს ახალციხე ქალაქი ფერსათის მთის კერძოთ ჩამოსულს კლდესა ზედა... ხოლო ქალაქი არს მოზღუდვილი ციხიდამ ქვიტკირის სამის ზღუდით... ჰავითა არს მშვენი, ზამთარს ცივი და თოვლიანი, ზაფხულს არა ეგდენ ცხელი. გარემოს ქალაქისა წალკოტნი, ვენახნი და ხილნი მრავალნი. აწ მჯდომარებს ფაშა მუნ, რომელსა უწოდებენ საქართველოსანი კვალად ათაბაგადვე, ხოლო ოსმალნი ახალციხის ფაშად და უპყრავს ამას სრულიადი სამცხე-საათაბაგო“.
XVIII საუკუნის მიწურულში (1795 წელს) ახალციხეში გზად გაიარა ერეკლე II-ს დავალებით ინდოეთს მიმავალმა რაფიელ დანიბეგაშვილმა. იგი რამდენიმე დღე დარჩენილა იქ, მაგრამ ვერაფერი უნახავს ,,ისეთი, რაიც ღირსი ყოფილიყო ყურადღებისა. ქალაქს გარემოცულობა დიდი არა აქვს, თვალწარმტაცი შენობები მასში სრულიად არ არის, მცხოვრებნი საშუალო შეძლებისანი არიან. მთავარი საქმიანობა მათი არის მეხილეობა. ხილით ქალაქი მდიდარიაო, - წერს დანიბეგაშვილი.

მეორე იმდროინდელი მოგზაურის - რუისის მიტროპოლიტის იონას - ნაწერი მოწმობს, რომ ახალციხეში, მიუხედავად იმისა, რომ სამცხის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იძულებით იყო გამაჰმადიანებული, მაინც არსებობდა მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესია (იონა ახალციხეში XVIII საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისში იყო).

XIX საუკუნის დასაწყისიდანვე, როცა ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, რუსული ხელისუფლების წინაშე მწვავედ დაისვა ახალციხის საფაშოს (განსაკუთრებით კი თვით ციხე-სიმაგრე ახალციხის) შემოერთების საკითხი. ახალციხის შემოერთების გარეშე საქართველოს, განსაკუთრებით კი საფაშოს მეზობელ კუთხეებს, მოსვენება ვერ ეღირსებოდა.
ახალციხის წინააღმდეგ გალაშქრება რუსეთმა ჯერ კიდევ 1810 წელს სცადა. მაგრამ მაშინ ქალაქის აღება ვერ მოხერხდა. 

რუსებმა ახალციხის აღება 18 წლის შემდეგ - 1828 წელს შეძლეს. 1829 წელს თურქებმა სცადეს ახალციხე უკანვე დაებრუნებინათ, მათ ალყა შემოარტყეს ქალაქს, მაგრამ დამარცხდნენ.
1829 წლის სექტემბერში, ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით, თურქეთმა რუსეთს დაუბრუნა ახალციხის საფაშოს ნაწილი. ქალაქი ახალციხე კვლავ საქართველოს შემოუერთდა.
რაბათში განსაკუთრებით საყურადღებოა ძველებური „დარბაზები“. დარბაზი ქართული ხალხური საცხოვრებლის უძველესი ტიპია. ერთ რომაელ ავტორს ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში აქვს აღწერილი ამგვარი საცხოვრებელი საქართველოში. დარბაზის დამახასიათებელია ოთახის გადახურვა ე. წ. გვირგვინით, რომელიც ხის კოჭების თავისებური განლაგებით კეთდება. გვირგვინი ქვემოდან ზემოთკენ პირამიდულად ვიწროვდება (ყოველი ზემო საფეხური ქვემოსთან შედარებით გადმოშვერილია), ხოლო სულ ზემოთ დატოვებული აქვს სარკმელი. ქართული დარბაზების ხუროთმოძღვრული დამუშავება, მისი მორთულობა (ხეზე ნაკვეთი ჩუქურთმები და სხვა). ჩვენი ძველი ოსტატების დიდ დახელოვნებას, ქართველი ხალხის ფაქიზ  მხატვრულ გემოვნებას მოწმობს.
ახალციხის რაბათში მესხური დარბაზების  საუკეთესო ნიმუშები არსებობდა. რაბათისაგან დარჩენილია აბანო და რამოდენიმე შენობის ნანგრევები, ხოლო ციხე კლდოვან მასივზე ყოფილა დაშენებული. ციტადელი მაღლობზე აღმოსავლეთითაა გაშენებული და ქვედა დიდ ეზოს უერთდება დიდი განიერი კიბით, რომელსაც იცავდა შუაზე მდგარი ნახევარცილინდრული დიდი კოშკი. მის კედლებზე და მიმდებარე გალავანზე გამოყენებულია დაუდგენელი ეკლესიის ფრაგმენტები. მათ შორის გამოირჩევა ჯვარი წარწერით.

ციტადელის გალავანს განიერი ბილიკი აუყვება. იქვე მდგარი კოშკის ბანზე სწორკუთხა განიერი ქონგურებია (ასეთივეა ხერთვისის გალავანზეც). ეს ქონგურები თურქულია.
ციხის მაღალი ნაწილის ტერიტორია კედლებითაა დახლართული და მრავალი სხვადასხვა სახის ნაგებობაა ჩადებული. აქვეა დიდი გვირაბი, რომელიც მდინარის გაღმაც კი მიდიოდა. მეჩეთის ქვემოთ, მთავარი შემოსასვლელი ყოფილა. აქ ორმაგ კედლებს შორის არის ჭიშკარიც.

ახალციხეში, ციხისა და მის შიგნით დარჩენილ ცალკეულ ნაგებობათა გარდა, მაინცდამაინც ძველი ძეგლები არაა დარჩენილი. წმ. მარინეს ძველი ეკლესია (რაბათში) 1865 წელს ხელმეორედ აშენდა. ძველი შენობის მოჩუქურთმებული ქვები ახალი შენობის კედლებშია ჩატანებული. სხვა ეკლესიები XIX საუკუნისაა.

ქალაქის ახალ ნაწილში (ფოცხოვის მარჯვენა ნაპირზე) ყურადღებას იპყრობს ძველებური სახლები (ზოგი ას წელზე მეტი ხნისაც იქნება) რომლებიც ერთბაშად გამოირჩევა ბანიანი სახურავებით. ეს სახლები ერთსართულიანია, დაბალი, კედლები თავისებური კონსტრუქციისა: კედლის ჩონჩხად ხის დგარები და კოჭებია, ხოლო მათ შუა მანძილი უხეშად გათლილი ქვითაა ამოვსებული. კარნიზი ზოგიერთ სახლს აგურისა აქვს. ხერხულა ისეთი, როგორც ძალიან გავრცელებული იყო XVI-XVIII საუკუნეებში.

 






მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია