Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან

13 August, 2021

 ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი  ზაზა მელიქიძე, მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი ბაია იველაშვილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს  ღასან ხალილს და  ფონდის თანამშრომლებს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა  ბავშვთა უფლებებისა და ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ  მდგომარეობაზე, საკანონმდებლო რეგულაციებზე,  ბავშვთა უფლებების ადვოკატირებაზე  და მათ ხელშეწყობაზე იმსჯელეს, დადებითად შეფასდა ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით ქვეყანაში ამოქმედებული  საკანონმდებლო ინიციატივები და რეგულაციები.

შეხვედრაზე  აღინიშნა, რომ ბავშვთა უფლებების დაცვა, მათ კეთილდღეობაზე და  საჭიროებებზე ზრუნვა ერთ-ერთი   უმთავრესი პრიორიტეტია და   ამ მიმართულებით აუცილებელია  საჯარო და არასამთავრობო სექტორის კოორდინირებული მუშაობა, მათ შორის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება აღნიშნულ პროცესში მუნიციპალიტეტების ჩართულობას. ასევე,  ისაუბრეს ახალგაზრდულ პროექტზე, რომლის განხორციელებაც იგეგმება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაეროს ბავშვთა ფონდის  ინიციატივით.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა სტუმრებს,   ბავშვის უფლებათა კოდექსის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ღონისძიებები, ასევე  შშმ ბავშვთა მხარდამჭერი  და ახალგაზრდული პროგრამები გააცნეს.  ისაუბრეს  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც სწორედ ბავშვთა და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება. აღინიშნა, რომ ქალაქ ახალციხეში, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს, სპორტული კომპლექსების, ახალგაზრდული ცენტრის, კულტურის სახლის, სამხატვრო სკოლის, საბავშვო ბაღების, სპორტული და გასართობი ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია.

შეხვედრაზე ერთ-ერთ მთავარ საკითხად განიხილეს  მუნიციპალიტეტში COVID-19-ის  ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებმა  გამოთქვეს მზაობა ამ მიმართულებით საინფორმაციო კამპანიის წარმართვაში მხარდაჭერა აღმოუჩინონ მუნიციპალიტეტს.

შეხვედრის ბოლოს, მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

 

Share page