აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის ტრენინგები გაიმართა
ახალციხეში “ სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვის მიზნით აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის ტრენინგები გაიმართა.
ტრენინგის ფარგლებში ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის ყველა საბავშვო ბაღის აღმზრდელი და მეთოდისტი გადამზადდა.
ტრენინგის მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმოადგენლები გარემოსდაცვითი განათლებისა და მასში სკოლამდელი საფეხურის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენს გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.
2018 წლის განმავლობაში სახელმძღვანელო დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში და კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო და შიდა ქართლის რეგიონებში. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2019 წლის ბოლომდე სახელმძღვანელოს მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვას გეგმავს.