ახალციხეში პრევენციული ღონისძიებები გრძელდება
ახალციხეში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. გუშინ გვიან ღამით, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა და მოირეცხა ქალაქ ახალციხის ცენტრალური ქუჩები, საფეხმავლო ბილიკები, მაღაზიებისა და სააფთიაქო ქსელების მიმდებარე ტერიტორიები.
სამუშაოები სახცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი კოორდინაციით ტარდება. ქუჩების მორეცხვისა და სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესს, ადგილზე გაეცნენ სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
პრევენციული ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებმა ერთობლივად განახორციელეს.