ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ელენე დიდიმამიშვილის საიუბილეო საღამო ახალციხეში

25 ოქტომბერი, 2019

მესხეთის სახელმწიფო თეატრის მცირე დარბაზში, დღეს ელენე დიდიმამიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო მოეწყო.

ღონისძიებაზე მისი წიგნის „სუნთქვა პოეტის“ პრეზენტაცია გაიმართა, გაიხსენეს ელენე დიდიმამიშვილის შემოქმედება და შესრულდა მის ლექსებზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები. საიუბილეო საღამოს სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების, ქალაქის საზოგადოებისა და საგანმანათლებლო წრეების წარმომადგენლები, პოეტის მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

წიგნი „სუნთქვა პოეტის“ ელენე დიდიმამიშვილის რჩეული ლექსების კრებულია, რომელიც პოეტმა სიცოცხლეშივე მოამზადა, კრებულში ასევე შევიდა სიცოცხლის ბოლო წლების შემოქმედებაც. წიგნი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით გამოიცა, რომლის რედაქტორია ასოცირებული პროფესორი ნატო ყრუაშვილი.

ელენე დიდიმამიშვილი 1919 წლის 15 აპრილს დაიბადა ქ. ახალციხეში - რაბათში, ცნობილი განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის ზაქარია დიდიმამიშვილის ოჯახში. იგი 1927 წლიდან სწავლობდა ახალციხის №1 საშუალო სკოლაში. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სკოლის სიმებიან ორკესტრს, იყო კლასის ხელნაწერი ლიტერატურული ჟურნალის “განთიადის” რედკოლეგიის წევრი. 1937 წლიდან - სკოლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა ქალაქის ბიბლიოთეკაში, ეწეოდა საზოგადოებრივ და პედაგოგიურ საქმიანობას, იყო დაწყებითი კლასების მასწავლებელი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კი პედაგოგიურ მოღვაწეობა გააგრძელა ქალაქ ახალციხეში მშობლიურ სკოლაში, სასოფლო-სამეურნეო და ეკონომიკურ ტექნიკუმებში. 1946 წლიდან საცხოვრებლად გადადის თბილისში დასთან და დედასთან ერთად და სწორედ ამ დროიდან იწყება მისი პოეტური შემოქმედება.

გააზიარე