ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ეროვნული სამოსის დღე ახალციხეში

18 May, 2019

ეროვნული სამოსის დღე ახალციხეში კოსტუმირებული მსვლელობით აღინიშნა.

ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა მსვლელობა ახალციხის ცენტრალური პარკიდან დაიწყეს და ახალციხის ციხეზე მაყურებლის წინაშე ქართული ხალხური ცეკვებით წარსდგნენ. საზეიმო ღონისძიებაში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ახალციხე“  და ქალაქ ახალციხის საჯარო სკოლებთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები - „მესხეთი“, „ლომსია“ და „სამცხე“ მონაწილეობდნენ. ღონისძიებას სამხარეო  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქალაქის მაცხოვრებლები, ახალციხის ციხეზე სტუმრად მყოფი ტურისტები და ვიზიტორები დაესწრნენ.

ეროვნული სამოსის დღე საქართველოში პირველად 2016 წელს აღინიშნა და მთელ ქვეყანაში საზოგადოებრივი კამპანიის სახე მიიღო, რომლის მიზანი ეროვნული სამოსის პოპულარიზებაა. ქართულ ეროვნულ სამოსს საკმაოდ დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ ქართველი, რომელი სოციალური ფენის წარმომადგენელიც არ უნდა ყოფილიყო, თავის ჩაცმულობას დიდ ყურადღებას აქცევდა. ამას ადასტურებს სხვადასხვა ისტორიული წყაროები, ე.წ. მზითვის წიგნები, უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერები.

ძველ ქართულ წერილობით წყაროებში ჩაცმულობას უწოდებდნენ სამოსს, სამოსელს, შესამოსელს, ტანცმას, ტან-ფეხს, ტანსამოსს, ტანსაცმელს, ჩასაცმელს, ჩასაცვამ-დასახურს, ტანთს, ტალავარს, ტარავალს, ლერექუს და სხვა. მიუხედავად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩაცმულობაში განსხვავებებისა, XVIII–XIX საუკუნეებში ჩამოყალიბდა ქართული კლასიკური სამოსის ზოგადი სახეობა – ქართული კოსტიუმი – მამაკაცისთვის გრძელი ჩოხა-ახალუხი, სათანადო ფეხსაცმლით, ქამარ-ხანჯლით გაწყობილი და ქალის გრძელი კაბა, რომელსაც სარტყელი და ჩიხტი-კოპი ამშვენებს.

გააზიარე