ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კოოპერატივებს ტექნიკა და სათიბ-საძოვარი გადაეცათ

7 May, 2019

სამცხე-ჯავახეთში 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ტექნიკა და სათიბ-საძოვარი გადაეცა.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და 3500 ჰა-ზე მეტი სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცა.

კოოპერატივებში გაწევრიანებულია 200-ზე მეტი მეპაიე, მობილიზებული ფურების რაოდენობა კი 1700-ს შეადგენს.

ასევე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 90% -იანი თანადაფინანსებით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მიიღეს: ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით - ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ახალციხის მუნიციპალიტეტში კოოპერატივების მეპაიეებს შეხვდნენ და ტექნიკა გადასცეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი ნანა ზუბაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოფლის მეურნეობის სამმართველოს და კოოპერატივების წარმომადგენლები.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას, შემოსავლების ზრდას და მიგრაციული პროცესების შეჩერებას. სახელმწიფო პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული.

გააზიარე