ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საინფორმაციო შეხვედრა გენდერული თანასწორობის საკითხებზე

2 ივლისი, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ელიაწმინდაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე.

ახალციხის მერიის გენდერული თანასწორობის განყოფილების წარმომადგენლებმა გულიკო მაღრაძემ და მანანა მოდებაძემ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან, გენდერულ თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე ძალადობისგან დაცვის საკანონმდებლო რეგულაციების და ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, მერიის წარმომადგენლებმა დამსწრეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. აღნიშნული ბუკლეტები საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაციების - „ქართველ-სომეხთა კავშირი“ და „თანადგომა“, ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში მომზადდა. დარიგდა ასევე, მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე.

მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც იგეგმება, რომლის მიზანი გენდერული თანასწორობისა და არსებული საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.

გააზიარე