სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის ხელმძღვანელობით სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საბჭოს წევრებთან ერთად მერის მოადგილეები, ილია ზარდიაშვილი და ვაჟა გაჩეჩილაძე ესწრებოდნენ.
საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. ირაკლი ლაზარაშვილმა აუდიტორიას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა, დაგეგმილ პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე და 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებზე ესაუბრა.
როგორც, ირაკლი ლაზარაშვილმა აღნიშნა, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წელს დამტკიცებული ბიუჯეტი 30 მილიონი ლარი იყო, ოქტომბრის მდგომარეობით კი 50 მილიონ ლარს აჭარბებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ 2023 წელს ამ მიმართულებით არსებული საჭიროებების უზრუნვესაყოფად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით 114 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა დეტალურად ისაუბრა მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე. ასევე, მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებულ იურიდიული პირების მიერ გაწეულ მუშაობაზე.
ყურადღება გამახვილდა 2024 წლის გეგმებზე, განსახორციელებელ პროექტებზე და მთავარ პრიორიტეტებზე, საუბარი შეეხო მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფის საკითხს და ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ირაკლი ლაზარაშვილმა საბჭოს წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მათი და თითოეული მოქალაქის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის.