ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტიდან ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა

10 მარტი, 2022

პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.

ჰუმანიტარულ აქციას ახალციხის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებაში მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, საჯარო მოხელეები, ადგილობრივი მოსახლეობა და ბიზნესსექტორიც აქტიურად იყო ჩართული.

უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით მერიის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური რესურსი გამოიყო, რითაც არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები, ბავშვთა კვებისა და ჰიგიენური მოვლის საშუალებები, ასევე პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთები და მედიკამენტები იქნა შეძენილი. გარდა ამისა, ახალციხის სამხატვრო სკოლაში სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში მოქალაქეების მიერ მოტანილი საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და თბილი ტანსაცმელი დახარისხდა.

პროცესში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბა კბილაშვილი და მერიის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ახალციხის გარდა, უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პროცესში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის კოორდინირებით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი იყო ჩართული.

გააზიარე