ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტში საყოველთაო იმუნიზაციის პროცესი გრძელდება

31 იანვარი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობისათვის ვაქცინაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით აქტიურად გრძელდება იმუნიზაციის პროცესი. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი მობილური სამედიცინო ჯგუფი ვალეში იმყოფებოდა, სადაც ვაქცინაციის კამპანია სამხარეო ადმინისტრაციასთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან კოორდინაციით განხორციელდა.

ვაქცინაციისთვის სპეციალურად მოწყობილ პუნქტამდე, მიმდებარე სოფლებიდან, მსურველების ტრანსპორტირებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით ქვეყნის ყველა რეგიონის სოფლებში ვაქცინაციის კამპანიის ახალი ეტაპი დაიწყო.

ვაქცინაციის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მოადგილეებთან და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ. მოსახლეობასთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გამოიჩინოს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში, რადგან ეს არის პანდემიის დამარცხების გზა.

აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება ერთჯერადად 200 ლარიან დანამატს, "ბუსტერ" დოზით აცრის შემთხვევაში კი 100 ლარიან დანამატს მიიღებს.

გააზიარე