ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა

27 ნოემბერი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობაში (OGP-ში) გაწევრიანების შემდეგ, პირველი გაცნობითი ხასიათის საერთაშორისო ონლაინ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ და სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ლომიძემ მიიღეს მონაწილეობა.

მხარეებმა ონლაინ შეხვედრის ფორმატში, იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე, თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამოცდილებაზე ღია მმართველობის კუთხით. აღინიშნა, რომ პროგრამის მონაწილე მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ეძლევათ ითანამშრომლონ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, გაუზიარონ მათ ცოდნა და გამოცდილება და დანერგონ სიახლეები ადგილობრივ დონეზე.

აღსანიშნავია, რომ ღია მმართველობის კუთხით განხორციელებული ინოვაციური ინიციატივები და სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმატებული თანამშრომლობა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შერჩევის ერთ-ერთი საფუძველი გახდა. ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) პროექტის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის მხარდაჭერით ვოლისის სისტემა დანერგა. აღნიშნული ადგილობრივი მთავრობის, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო პარტნიორისა და დონორი ორგანიზაციის წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.

გურამ მელიქიძის განცხადებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა, მათ შორის ბიუჯეტის დაგეგმვასა და აღსრულებაში.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის შესარჩევ ეტაპებზე მუნიციპალიტეტს აქტიურ მხარდაჭერას უწევდა განვითარების ცენტრი, ორგანიზაცია მიესალმება ახალციხის მუნიციპალიტეტის ლოკალურ პროგრამაში გაწევრიანებას და მზადყოფნას გამოხატავს აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ დონეზე OGP-ის ფორუმის მუშაობის პროცესში.

„ვფიქრობთ, სამთავრობო უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობა უაღრესად მნიშნელოვანია, რადგან ერთობლივად განხორციელებულ პროექტებში თანაბრად არის გათვალისწინებული ყველა სექტორის ინტერესები,“ - აცხადებს სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის დირექტორი, ნინო ლომიძე.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) 2011 წელს დაფუძნდა, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდას. OGP ამჟამად მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს

გააზიარე