ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ღონისძიება წყრუთის საბავშვო ბაგა-ბაღში

20 მარტი, 2024

სოფელ წყრუთის საბავშვო ბაგა-ბაღში თემაზე „ქართული და სომხური კულტურის მრავალფეროვნება“ ღონისძიება ჩატარდა.

სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებმა, პედაგოგებთან ერთად, ქართულ-სომხური ტრადიციული სამოსი მოირგეს და დამსწრე საზოგადოებას ორი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები გააცნეს.

პატარებმა არაჩვეულებრივი სამსახიობო ოსტატობით შეასრულეს ტრადიციული ცეკვები და ქართულ-სომხური სამზარეულოს შესახებაც ისაუბრეს. წარმოდგენილი იყო ტრადიციული კერძების კუთხეები.

ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ილია ზარდიაშვილი და ვაჟა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი იოსებ ალიბეგაშვილი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბაღის აღსაზრდელთა მიერ შესრულებულმა ნომრებმა აუდიტორიის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და აღინიშნა, რომ მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარება მნიშვნელოვანია სკოლამდელ ასაკში, რაც ხელს შეუწყობს პატარებში ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების აღქმას და მათ დაახლოებას.

+15 

გააზიარე