ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კონკურსი  „ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს“  წევრების შესარჩევად

1 ნოემბერი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, 2021 წლიდან ახორციელებს  ახალგაზრდების მონაწილეობისა და ჩართულობის ხელშემწყობ პროგრამას, რომლის მთავარი მიზნებია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების სპეციფიკური საჭიროებების და ინტერესების გათვალისწინება, ასევე  შესაბამისი მიდგომების და პროგრამების შემუშავება ახალგაზრდების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 

პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს დაფუძნდა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭო. საბჭო ფუნქციონირებს ერთი წლის ვადით და  ამ პერიოდში ახალგაზრდები იღებენ მნიშვნელოვან ცოდნას და გამოცდილებას, ივითარებენ საკვანძო კომპეტენციებს და უნარებს, იმისთვის, რომ შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და გახდნენ გაცილებით უფრო აქტიური მოქალაქეები. არსებული მოდელის დანერგვა ახალციხის მუნიციპალიტეტში პირველად მოხდა და   წარმოადგენდა  საპილოტე პროგრამას.

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მნიშვნელოვანია არსებული შესაძლებლობა მუდმივად  ხელმისაწვდომი იყოს სხვა ახალგაზრდებისთვის, შესაბამისად, ყოველწლიურად მოხდება  საბჭოს განახლება, რათა დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიეცეთ შესაძლებლობა გაიზიარონ არსებული გამოცდილება და წარმოადგენდნენ ახალგაზრდების ხმას გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

 

სწორედ, მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით იწყება ახალი საბჭოს წევრების მიღება. თუ ხარ მოტივირებული და დაინტერესებული ახალგაზრდა,  პირველ რიგში გინდა განივითარო საკუთარი ცოდნა, უნარები და სწორი ღირებულებები და  შემდგომ  არსებული გამოცდილება მოახმარო სხვა ახალგაზრდებს მაშინ ეს პროგრამა თქვენთვის არის.

 

პროგრამის მისიაა  მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა ახალგაზრდული  საბჭოს შექმნის, ახალგაზრდების და ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის ეროვნული და რეგიონული ფორუმების ორგანიზების გზით.

 

კონკურსის პირობები:

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-24 წლის ახალგაზრდებს.  შესარჩევი ეტაპი მოიცავს რამდენიმე ფაზას: პირველ ეტაპზე, დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა უნდა შეავსონ ონლაინ ინტერესის გამოხატვის ფორმა და ასევე უნდა  დაურთონ მცირე სამოტივაციო წერილი, სადაც უნდა ჩანდეს მოტივაცია და სურვილი, თუ რატომ გინდა გახდე საბჭოს წევრი და როგორ შეგიძლია  წვლილი შეიტანო გუნდის გაძლიერებაში, ასევე  ნომინირების   დოკუმენტი, რომელიც ერთგვარი მხარდაჭერის გამოხატულებაა სხვა ახალგაზრდების მხრიდან, რომელთა ხმაც უნდა გაჟღერდეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. 

მომდევნო ფაზაში მოხდება შესარჩევი კომისიის მიერ აპლიკაციების გადარჩევა წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით და შერჩეულ ახალგაზრდებთან გასაუბრება. კონკურსის ფარგლებში სულ უნდა შეირჩეს 12 ძირითადი და 20 ასოცირებული წევრი.

 

დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა შეავსეთ აპლიკაცია: https://docs.google.com/forms/d/1_kVGph9-lk1zdpfwidEALif5pnGzIZfk8f8zcSSgyko/viewform?edit_requested=true

 

არასრულად შევსებული აპლიკაცია არ განიხილება.

 

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ნოემბერი 18:00  საათი;

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
საკონტაქტო პირი: მარიამ ზაზაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილების სპეციალისტი/ ახალგაზრდული მუშაკი.

ტელეფონი: 591449766

 

 

გააზიარე