ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საბავშვო ბაღებს ნარჩენებისათვის განკუთვნილი ურნები გადაეცათ

18 თებერვალი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა და ასოციაცია „ტოლერანტის“ ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის რვა საბავშვო ბაღს გარემოსდაცვით საკითხებზე სპეციალურად მომზადებული ლიტერატურა და ნარჩენებისათვის განკუთვნილი ურნები გადაეცათ. პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი ადგილზე გაეცნენ.

აღნიშნული საინფორმაციო ბროშურები, ასევე ქაღალდისა და პოლიეთილენის ნარჩენებისათვის განკუთვნილი სპეციალური ურნები ასოციაცია „ტოლერანტის“ პროექტის „ნარჩენების მართვის მონიტორინგი და ადვოკატირება ახალციხის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში მომზადდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია პატარებმა სწორედ საბავშვო ბაღის ასაკიდანვე მიიღონ ცოდნა გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით.

დღესვე, ქალაქ ახალციხის №1 და №3 საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა მონაწილეობით თემატური ღონისძიებები გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, ასოციაცია „ტოლერანტი“, ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის შესრულების მონიტორინგთან ერთად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაშიც მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის, იგეგმება შეხვედრები და ტრენინგები სამიზნე ჯგუფებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, ასევე ნარჩენების მართვისა და გარემოსდაცვით საკითხებზე მომზადდება საინფორმაციო მასალები, ბუკლეტები და სხვა.

გააზიარე