შეხვედრები სვირის, ანისა და წყრუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში
საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სვირის, ანისა და წყრუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების მცხოვრებლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი მასშტაბური პროექტებისა და სიახლეების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება, ასევე მათთან ერთად სოფლებში არსებულ საჭიროებებზე და სამომავლო გეგმებზე მსჯელობა იყო.
ანტონ ობოლაშვილმა შეკრებილებს გაზიფიცირებასთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო და აღნიშნა რომ უკვე დაგეგმილია სოფლების ტატანისის, სვირის, ბოგის, ანის, ჭვინთის, ელიაწმინდისა და წირის გაზიფიცირების სამუშაოები და არსებული გეგმით წლის ბოლომდე აღნიშნულ სოფლებში ბუნებრივი აირი შევა. შეხვედრებს ესწრებოდა შპს „ინტერ გაზის“ დირექტორი ვასილ აბულაძე, რომელმაც ისაუბრა ამ მიმართულებით როგორც მიმდინარე, ისე დაგეგმილ სამუშაოებზე.
მოსახლეობასთან შეხვედრებზე ასევე აქცენტი გაკეთდა ახალციხის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების მიზნით გაწეულ და მიმდინარე სამუშაოებზე, მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მთავარ პრიორიტეტებზე.